ამერიკის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურის მიერ 10 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის გენერლის პიტერ პეისის, რომელიც მეთაურთა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილეა, საქართველოში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის ევროპული სარდლობა დაიწყებს ქართული ჯარების წვრთნას “საქართველოს ხელშეწყობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის“ ფარგლებში.
“დეტალები ჯერ ისევ განხილვის პროცესშია, თუმცა ახალი მისია “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ საფუძველზე დაიწყებს მუშაობას“, აცხადებს ამერიკული ძალების პრეს-სამსახური.
“პროგრამის ფარგლებში მოხდება საქართველოს მე-11 ბრიგადის შემადგენლობის მომზადება და ქვეითთა კიდევ ორი ბატალიონის აღჭურვა. ასევე მომზადდება მე-11 ბრიგადის რამდენიმე ასეული. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია სპეციალური მომზადება, რაც ერაყში საქართველოს ჯარების განლაგების დაგეგმვის, კოორდინირების და მართვის საკითხებს ეხება”.