არძინბა: სააკაშვილი აფხაზეთის საქმეებში უხეშად ერევა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომლითაც მან 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატთან სერგეი ბაღაფშთან დიალოგის სურვილი გამოთქვა, შეაფასა, როგორც “აფხაზეთის საქმეებში უხეში ჩარევა”.


“სააკაშვილის განცხადება აფხაზეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა და ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დაინტერესებას აფხაზეთში არსებული კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებაში”, ნათქვამია არძინბას განცხადებაში.


ამასთან, არძინბა აცხადებს, რომ აფხაზეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, “რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და მათ შორის ქართულ-აფხაზურ დიალოგში აფხაზური მხარე, მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ”.


3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი დიალოგი აწარმოოს სერგეი ბაღაფშთან, რომელიც რეგიონში “დარჩენილი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს”. ამასთან, სააკაშვილმა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს “არაკანონიერი” უწოდა.

Exit mobile version