skip to content
ახალი ამბები

რუსეთი აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს






მოსკოვი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა 10
სექტემბერს რუსეთის რკინიგზის სახელმწიფო
კომპანიის აქტიური მონაწილეობით აღდგა.
აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტასთან ერთად, რუსეთმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტიც შეაჩერა.
 
ორივე ეს ღონისძიება განიხილება, როგორც 6 დეკემბერს დაგეგმილი ინაუგურაციის წინ რუსეთის ზეწოლა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ოპოზიციის კანდიდატზე სერგეი ბაღაფშზე.   
 
თუმცა, ბაღაფში თავის გეგმებზე უარის თქმას და უკან დახევას არ აპირებს.
 
“ამგვარი ქმედებები მხოლოდ დაძაბულობის გაღვივებას იწვევს რეგიონში. მიუხედავად ზეწოლისა, ინაუგურაციასთან დაკავშირებული გეგმების ოდნავ მაინც შეცვლასაც კი არ ვაპირებთ”, აცხადებს “ნეზავისიმაია გაზეტა” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. 
 
რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენადი ბუკაევმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი 2 დეკემბრიდან აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს.
 
“ვფიქრობ, აფხაზეთის ტელევიზია გააშუქებს გენადი ბუკაევის [რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწის] განცხადებას. მოდით ხალხს დავუტოვოთ იმის უფლება, რომ თავად განსაზღვროს ვინ ძაბავს რეალურად სიტუაციას აფხაზეთში“, აცხადებს რუსული გაზეთი “კომერსანტი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
სერგეი ბაღაფში აქვე დასძენს, რომ ცალკეული რუსი ჩინოვნიკების განცხადებები “ვერ იქონიებს გავლენას აფხაზი და რუსი ხალხების მეგობრულ ურთიერთობებზე“.
 
რუსეთმა სარკინიგზო მიმოსვლა მოსკოვსა და სოხუმს შორის 10 სექტემბერს აღადგინა. მაშინ ქართულმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება და იგი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.
 
რუსეთის გადაწყვეტილება 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახენ განიხილებოდა, როგორც ამ ქვეყნის მხარდაჭერა  პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მიმართ, რომელიც მაშინ რეგიონის პრემიერ-მინისტრი იყო. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას გარდა, ხაჯიმბას კრემლიც უჭერს მხარს.
 
მოსკოვის გადაწყვეტილებამ რკინიგზის ჩაკეტვის თაობაზე ზოგიერთი რუსი პარლამენტარის გაოცება გამოიწვია.  
 
ანდრეი ლოგინოვს, რომელიც მთავრობის წარმომადგენელია რუსეთის სათათბიროს საბჭოში, პარლამენტის 2 დეკემბრის სხდომაზე მოუხდა ამ გადაწყვეტილების მოტივი აეხსნა დეპუტატებისთვის. 
 
“რია ნოვოსტი“ აცხადებს ლოგინოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სიტუაცია აფხაზეთში, რომელიც “მართლაც უკიდურესად დაიძაბა“, საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზასაც.
 
“რკინიგზის ჩაკეტვა დროებითია“, აღნიშნა ლოგინოვმა და დასძინა, რომ ეს ღონისძიება რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად.
 
გარდა რკინიგზის ჩაკეტვისა, რუსეთმა აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტიც შეაჩერა “სანიტარული პრობლემების გამო“.
 
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ძირითადად მანდარინისა და ფორთოხლის, ექსპორტი თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეკონომიკის მთავარ დასაყრდენს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
 
 
Back to top button