2005 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი მკვეთრად გაიზრდება

29 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი იხილებოდა, თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 2005 წლისთვის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება დამატებით 80-100 მლნ ლარით გაიზრდება.


თავდაპირველად 2005 წლის ბიუჯეტის პროექტში 119 მლნ ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული თავდაცვის სფეროზე, რაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში თითქმის გაორმაგდება.


“არსებობს პრეზიდენტისა და მთავრობის პირდაპირი გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროს მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულად არის აღიარებული”, განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს 29 ნოემბერს. 


2004 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯები 105 მლნ ლარით არის განსაზღვრული.


მთავრობამ მომავლი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სხდომა მას შემდეგ მოიწვია, რაც 29 ნოემბერს პარლამენტმა მას ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის სწრაფად წარმოდგენისაკენ მოუწოდა.


 

Exit mobile version