ჩეჩელაშვილი: პანკისის ხეობაში ბოევიკები და ბანდები არ არიან


რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში “არანაირი ბოევიკები და ბანდები არ არსებობენ”. ჩეჩელაშვილის კომენტარს, რომლითაც დღეს “რია ნოვოსტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაცია პანკისის ხეობაში 200-მდე ჩეჩენი მებრძოლისა და უცხოელი დაქირავებულების არსებობაა უარყოფილი, 29 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობას საქართველოს უშიშროების სტრუქტურები აკონტროლებენ.  ასევე “რუსეთისა და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის მესაზღვრეები [ერთმანეთთან] თანამშრომლობენ; ბოევიკების შესახებ ინფორმაციას [რუსეთის ძალოვნები] ქართველ კოლეგებს რომ უგზავნიდნენ, ეს უფრო ადექვატური საშუალება იქნებოდა მათთან საბრძოლველად”, აცხადებს ჩეჩელაშვილი.


მისი თქმით,  პანკისის ხეობაში ამ ბანდების არსებობა, მითუმეტეს ასობით ადამიანის შემადგენლობით, შეუძლებელია. “სამწუხაროდ, მსგავსი შეტყობინებების გამო იქმნება საერთო ნეგატიური ფონი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში”, დასძენს საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში. 


 


 


 

Exit mobile version