თბილისში 29 ნოემბერს ორდღიანი ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას ქართული და იტალიური ბიზნესწრეების წარმომადგენლები იღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს იტალიური ინვესტიციების მოზიდვა სურს. “იტალიასთან და იტალიის ბიზნესსაზოგადოებასთან ურთიერთობები ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, განაცხადა ჟვანიამ.
თუმცა, სხდომაში მონაწილე ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა, აცხადებს “ინტერპრესი“.
23-24 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის დროს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარგერიტა ბონივერიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ კახა სიხარულიძემ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, სადაც მხარეთა მთავრობები გამოხატავენ ნებას შეიქმნას იტალიურ-ქართული ეკონომიკური, სამრეწველო და ფინანსური თანამშრომლობის საბჭო (საკონსულტაციო ფორუმი), რომელიც კოორდინაციას გაუწევს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ საქმიანობას.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტალიაში ოფიციალურ ვიზიტს 2005 წლის მარტის დასაწყისში გეგმავს.