25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა 135 ხმით ერთხმად მიიღო განცხადება, რომელიც უკრაინაში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო იზიარებს ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების პოზიციას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე.
“ჩვენ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე თავს ვიკავებდით შეფასებებისაგან, მაგრამ, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ღიად აფიქსირებს პოზიციას, უფლება არ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება არ გამოვხატოთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის მიმართ”, განაცხადა 25 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში სხვა ქვეყნის ძალდატანებითი ჩარევა. პარლამენტი მიესალმება რა “უკრაინელი ხალხის დემოკრატიული განვითარების ურყევ ნებას”, იმედს გამოთქვამს, რომ მათი ბრძოლა მშვიდობიანად დასრულდება.