თვითგამოცხადებული აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა მიხეილ ტარბამ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ “აფხაზეთის საზღვრის მახლობლად ქართული სპეცრაზმის მობილიზება ხდება“.
“ამჟამად მიმდინარეობს რეზერვისტთა მობილიზება აფხაზეთის საზღვართან ახლოს. ხვალ იქ [20 ნოემბერს] ქართველ კომანდოსთა წვრთნებია დაგეგმილი“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ მიხეილ ტარბას სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, საქართველოსთან [ადმინისტრაციული] საზღვარი დაცულია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოხდება აფხაზეთის დამატებითი რაზმის გადასროლა საზღვარზე.
“მივმართავ აფხაზეთის მოსახლეობას და მასმედიას: ნუ ძაბავთ სიტუაციას აფხაზეთში. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენი შიდა საქმეა და ჩვენ თავად მოვაგვარებთ ყველა პრობლემას“, დასძინა ტარბამ.