რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მხრიდან რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის პროცედურების შეფერხების თაობაზე, რის გამოც სამხედროები ვერ ახერხებენ სომხეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას.
“ვფიქრობთ ვიზების გაცემის შეფერხება რუს სამხედროებზე და მათ ოჯახებზე გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისი საბოლოოდ კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს’’, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადებას ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. “ვიზების გაცემას თავისი პროცედურები აქვს და ამას დრო სჭირდება“, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას“ სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, 400-მდე რუსი სამხედრო, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება, ახალქალაქში განთავსებულ 62-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე მყოფ რუსი სამხედროების ჩანაცვლების მიზნით აპირებს საქართველოში შემოსვლას.