ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სოფელ კვერნეტსა და ცხინვალის სიახლოვეს დასახლება ტექსტილთან დღეიდან შერეული სამშვიდობო ძალების დამატებით ორი საგუშაგო გაიხსნება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ შერეული სამშვიდობო ძალების, ქართული ბატალიონის სარდალმა ალექსანდრე კიკნაძემ აცნობა.
“ეს შეთანხმებულია შერეული სამშვიდობო ძალების შტაბთან და ამის შესახებ ყველა მხარე ინფორმირებულია“, განაცხადა კიკნაძემ.
მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების ნაწილი გადაყვანილი იქნება ახალ საგუშაგოებზე ბოლო დროს რეგიონში გახშირებული სროლების პრევენციის მიზნით. კიკნაძის ინფორმაციით, შერეულ სამშვიდობოებთან ერთად ვითარებას გააკონტროლებენ ეუთო-ს დამკვირვებლებიც.
25 ოქტომბერს გამთენიისას კონფლიქტის ზონაში დაფიქსირდა სროლები, რის გამოც უკვე მეორედ (პირველად 20 ოქტომბერს) მოსახლეობამ ცხინვალი-ჯავის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა და შერეული სამშვიდობო კონტიგენტის სარდლისგან მარატ კულახმეტოვისაგან ცეცხლის შეწყვეტის უზურნველყოფა მოითხოვა.
ამ დროისათვის რეგიონში ვითარება სტაბილურია. ალექსანდრე კიკნაძის განცხადებით, სროლები აღარ ისმის და საპროტესტო აქციაც შეწყდა.