სომხეთი კვლავ აფხაზეთის გავლით ერევანი- თბილისი-მოსკოვის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას ითხოვს |
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საუბარია “მოძმე სომხეთთან“ საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე, თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში. სომხეთი კი თავის მხრივ, როგორც ყოველთვის, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს აყენებს, რომლითაც სომხეთს თავის სტრატეგიულ მოკავშირე – რუსეთთან დაკავშირების საშუალება მიეცემა.
რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო 12 წელია არ ფუნქციონირებს, შედის როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ინტერესებში.
“მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სარკინიგზო მიმოსვლა უკვე [სექტემბრიდან] აღდგენილია სოხუმი-სოჭი-მოსკოვის მიმართულებით, ვფიქრობ მისი ამოქმედება არც თბილისი-აფხაზეთის მიმართულებით უნდა იყოს პრობლემა, თუმცა საკითხის მოგვარება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა”, განაცხადა რობერტ ქოჩარაინმა.
თუმცა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში განაცხადა, რომ “ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.“
რკინიგზის თემას უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო-სომხეთის პოლიტიკურ დიალოგში წამყვანი ადგილი უკავია. თუმცა თბილისის პოზიცია უცვლელია: აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა რეგიონში დევნილთა დაბრუნების შემდეგ აღდგება.
სომხეთი ასევე დაინტერესებულია საქართველოს გავლით თურქეთის მიმართულებით სარკინიგზო და სატრანსპორტო მიმოსვლის ფუნქციონირებით. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი მიმდინარე წლის 12-14 აგვისტოს თბილისში ვიზიტად მყოფ თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ თაიპ ერდოგანთან გაიმართა. “თურქეთის მთავრობა მეზობელ ქვეყნაბთან მჭიდრო თანამშრომლობის და ახალი დამაკავშირებელი გზების ფუნქციონირების მომხრეა”, დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სომხეთის პრეზიდნეტის ჩამოსვლას “საიამოვნოდ” დაემთხვა საქართველო-რუსეთის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა, რაც 3 სექტემბრიდან ბესლანში მომხდარი ტრაგედიის გამო რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით ჩაკეტილი იყო. “საზღვრის ჩაკეტვით მხოლოდ ერთი ქვეყანა არ ზარალდება, ზარალდება ყველა”, განაცხადა ქოჩარიანმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ ალტერნატიული გზები და ბაზრები უნდა მოიძიოს, რათა მსგავს შემთხევაში ზარალი ნაკლები ნახოს. “უნდა ვეძებოთ ახალი ბაზრები, ამასთანავე შევინარჩუნოთ რუსეთის ბაზარი და კარგი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან”, დასძინა პრეზიდენტმა.
სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის წინა დღეს საქართველოს ხელისუფლების ნებართვით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთთან რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩერებულ სომეხ მგზავრებს, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში როკის გვირაბის გავლით შემოვიდნენ, სომხეთში გამგზავრების უფლება მიეცათ. როკის გვირაბს ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ამასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის არანაირი პრობლემას არ არსებობს და სავარაუდოდ საზღვრის დელიმიტაცია მომავალ წელს დასრულდება.
სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი წამყვანი სფერო ენერგეტიკაა. ბოლო წლებში სომხეთი ზამთრის პერიოდში შექმნილი ენერგოკრიზისის დროს საქართველოს დამატებით ელექტროენერგიას აწვდის.
სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ინფორმაციით, ამჟამად სომხეთიდან 40-50 მგვტ ელექტორენერგია შემოდის და ძირითადათ ქვემო ქართლის რეგიონსა და ახალციხეს მიეწოდება.
“სომხეთი ენერგოპრობლემის დროს ერთ-ერთი პირველი გვეხმაურება, რისი დასტურიცაა გადამცემ ხაზებზე მომხდარი დივერსიული აქტების შემდეგ სომხეთიდან დამატებითი ელექტოენერგიის მიღება”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
სომხეთის სამთავრობო დელეგაციის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მართალია, ამჟამად მოსახლეობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მაგრამ იგი პირობას იძლევა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ჯავახეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. ამის შემდეგ სააკაშვილი პირადად გეგმავს ჯავახეთში ჩასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას.
სომხეთის პრეზიდენტი კი თბილისში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვიზიტის ბოლოს, 24 ოქტომბერს გეგმავს.
მანამდე კი, რობერტ ქოჩარიანი 23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრს ზურაბ ჟვანიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. “უნდა აღინიშნოს, რომ რობერტ ქოჩარიანი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს, რომ პატარა ხინჯიც კი არ არსებობდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში”, განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.