საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
“მინდა განვაცხადო, რომ რობერტ ქოჩარიანი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა იმ ფაქტს, რომ არ ყოფილიყო პატარა ხინჯიც კი საქართველოსთან ურთიერთობებში“, განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. “ვისაუბრეთ სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, დასძინა ჟვანიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს სომხეთთან ურთიერთობებს. “ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და სომხეთისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, დასძინა მან.
რობერტ ქოჩარიანი, რომელიც საქართველოში 22 ოქტომბერს სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა, უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს. მოგვიანებით სომხეთის პრეზიდენტი სომხური დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.