საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 21 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროს რაიონის ერთ-ერთ ქარხანაში “დიდი რაოდენობის იარაღის” მისაკუთრების ფაქტი გამოავლინეს.
უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრების განცხადებით, იმ ყალბი დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ქარხანაში აღმოაჩინეს, იარაღი ჩამოწერილი იყო.
მინისტრებმა არ დააკონკრეტეს ნაპოვნი იარაღის ზუსტი რაოდენობა, თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის თქმით, “ასობით სხვადასხვა ტიპის იარაღი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებიც“.
“ჩვენ უკვე დავაკავეთ რამდენიმე პირი, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ ამ საქმესთან; გამოძიება მიმდინარეობს, რასაც ალბათ უფრო მეტი ადამიანის დაპატიმრება მოჰყვება“, განაცხადა თაცდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, თან დასძინა, რომ შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელიც მიეცეს პასუხისგებაში.
სექტემბერში სამართალდამცავებმა თავდაცვის სამინისტროს ორი წარმოამდგენელი დააპატიმრეს, რომელთაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ “სტრელა 2“ ტიპის 8 ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარის გაუჩინარებასთან. აგვისტოს ბოლოს თავდაცვის სამინისტროს ერთი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმოამდგენელი დააპატიმრეს, რომელთაც ოსიაურის სამხედრო ნაწილიდან იარაღისა და ტყვია-წამლის მისაკუთრებაში ედებოდათ ბრალი.
დედოფლისწყაროს რაიონში განთავსებულ გადამამუშავებელ ქარხანას სამხერო-სამეცნიერო ცენტრი “დელტა“ ხელმძღვანელობს. ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, იარაღი ჩამოწერილი იყო და მათ ჰქონდათ ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომელიც მათ იარაღის გადამუშავების ნებას რთავდა.
“ბოლო უნდა მოვუღოთ ისეთ სიტუაციას, როცა კერძო ფირმები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ფულს შოულობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ხარჯზე“, განაცხადა გივი თარგამაძემ.
2003 წლის იანვარში საქართველოს ხელისუფლებამ და ეუთომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რაც ითვალისწინებს იმ სამხედრო ჯართის გადამუშავებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკოლოგიას. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეუთოს მისიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და “დელტამ“. პროექტის ფარგლებში, რომელსაც “დელტა“ ახორციელებს, უკვე განხორციელდა ასობით საშიში ყუმბარებისა და სხვადასხვა ტიპის საარტილერიო ტყვია-წამლის გადამუშავება.