
ჟვანია:ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციაზე ვისაუბრებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 21 ოქტომბერს დაადასტურა ინფორმაცია მისი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრის შესახებ, რომელიც სოჭში ნოემბრის პირველ კვირაში უნდა გაიმართოს.
“მოლაპარაკებების დროს კონფლიქტის ზონის განიარაღება ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება”, განუცხადა დღეს ჟვანიამ ჟურნალისტებს.
მისი განცხადებით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება თბილისისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. “ადამიანებმა არ უნდა იცხოვრონ მუდმივად შიშის ქვეშ”, დასძენს პრემიერ-მინისტრი მხედველობაში აქვს რა ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში გახშირებული სპონტანური სროლების ფაქტები.
ჟვანია-კოკოითის მაღალი დონის შეხვედრა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე გადაწყდა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც შსკ-ში ქართულ მხარეს წარმოადგენს, 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ მაღალი დონის ქართულ-ოსური შეხვედრა სოჭში 5-6 ნოემბრისთვის იგეგმება, “ყოველ შემთხვევაში არაუგვიანეს 10 ნოემბრისა”, დასძენს ხაინდრავა.