ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი 2005 წლის ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 20 ოქტომბერს პარლამენტარები, რომლებმაც 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკეს, “პოლიტიკურ ინტრიგებში“ დაადანაშაულა.


“მზად ვარ ბიუჯეტის პროექტი ღიად განვიხილო პარლამენტარებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც [ნინო ბურჯანაძესთან], მზად ვარ სატელევიზიო დებატებიც კი გავმართო, თუ საჭირო გახდება, რადგანაც ამიხსნან კრიტიკოსებმა რა არის ასეთი საგამგაშო ამ დოკუმენტში და რა შენიშვნები აქვთ მათ“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.


“მე მზად ვარ ამისათვის და არ დავუშვებ ფარულ პოლიტიკურ ინტრიგებს ბიუჯეტის გარშემო“, დასძინა მან.


19 ოქტომბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დანარჩენი 12 კომიტეტისა და ფრაქციების მსგავსად, 2005 წლის ბიუჯეტს განხილვის ამ ეტაპზე უარყოფითი შეფასება მისცა და შენიშვნებით დაუბრუნა მთავრობას. პარლამენტის თავმჯდომარემ 19 ოქტომბერს ასევე გააკრიტიკა დოკუმენტი და განაცხადა, რომ შესწორებების გარეშე პარლამენტი პროექტს არ მიიღებდა.


მთავრობამ 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის შემოსავლები 1 812.7 მლნ ლარით, ხოლო ხარჯები  2 105 950.0 ათასი ლარით განისაზღვრა, პარლამენტში 1 ოქტომბრისთვის შეიტანა. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და სოციალური სფეროა.  პარლამენტარების მიერ გამოთქმული შენიშვნათა უმეტესობა სწორედ ამ სფეროებს უკავშირდება.


დეპუტატები ასევე ითხოვენ მთავრობისგან გაზარდოს თავდაცვის სფეროს დაფინანსება არსებული 119 მილიონი ლარიდან 157 მილიონ ლარამდე.

Back to top button