სამოქალაქო საზოგადოების თოთხმეტმა წარმომადგენელმა 18 ოქტომბერს ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ისინი განსხვავებული აზრისადმი ხელისუფლების შეუწყნარებლობას აპროტესტებენ. “ვარდების რევოლუციის“ ერთი წლის თავზე სამოქალაქო საზოგადოება აფრთხილებს სააკაშვილს, რომ მისი ადმინისტრაცია თავის ძირითად პოლიტიკურ დაპირებას ვერ ასრულებს.
“სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განვითარებული შემაშფოთებელი პროცესები გვაიძულებს მოგმართოთ თქვენ, როგორც პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის [“ნაციონალური მოძრაობის”] უპირობო ლიდერს. ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი, და ა.შ.) ინერგება შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ“, ნათქვამია 18 ოქტომბერს გავრცელებულ ღია წერილში.
ღია წერილი შეიცავს გაფრთხილებას, რომ “ხელისუფლების მხრიდან დისკუსიის აგრესიული, პიროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი ფორმების დანერგვამ და მოქალაქეთა ფუნდამენტალური უფლებების იგნორირებამ, შესაძლოა საზოგადოების კონსოლიდაცია კი არა, პოლიტიკური ოპონირების მძაფრ პიროვნულ დაპირისპირებაში გადაზრდა გამოიწვიოს”.
“განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში თქვენს საჯარო გამოსვლებშიც სულ უფრო მატულობს ოპონენტთა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოხსენიების ფაქტები“, ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
ხელისუფლებას ღია წერილში გამოთქმული კრიტიკის თაობაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
იურისტი დავით უსუფაშვილი, რომელიც პრეზიდენტისადმი მიმართვის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ ხელისუფლების “აგრესიული დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ იზრდება მთავრობაში პრობლემათა რიცხვის ზრდასთან ერთად“.
“ჩვენ გვისაუბრია პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის დროს ღია წერილში გამოხატული საკითხების ირგვლივ, თუმცა ამას შედეგი ამ მოუტანია … მთავრობა, რომელიც უნდა ეცადოს ყველანაირად ხელი შეუწყოს დებატებს, პირიქით ზღუდავს მას“, განუცხადა დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
თუმცა, აქვე დასძინა, რომ პირისპირ შეხვედრის დროს პრეზიდენტი კრიტიკაზე სწორად და ადექვატურად რეაგირებს, თუმცა “სამწუხარო ისაა, რომ შემდგომ ქმედებებსა და გამონათქვამებში ეს არ აისახება”.
“გაჭიანურებული რევოლუციური რეჟიმი”
გაზეთმა “24 საათი“ 18 ოქტომბერს კავკასიის მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გია ნოდიას სტატია გამოაქვეყნა, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი ღია წერილს. სტატიაში გია ნოდია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ რევოლუციურ მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, ხელისუფლებამ “რევოლუციური მმართველობიდან, სახელმწიფოს მართვის ნორმალურ რეჟიმზე გადართვა“ უნდა მოახერხოს.
“ყველაზე სახიფათო რევოლუციური აზრი, რაც ხელისუფლებაში ან მასთან დაახლოებულ წრეებში ტრიალებს, ისაა, რომ ახლა, როცა ასეთი განსაკუთრებული ვითარებაა, შეიძლება დროებით გვერდზე გადავდოთ კანონების დაცვის აუცილებლობა ან სახელმწიფო მართვისათვის აუცილებელი პროცედურები, დრაკონული მეთოდებით გავატაროთ აუცილებელი რეფორმები და მერე ნათელ, ევროპულ მომავალში რომ გადავინაცვლებთ, ყველაფრის ნორმალიზება მოხდება. ასეთ რამეს ბევრი რევოლუციონერი ამბობდა, მაგრამ მართალი არასოდეს აღმოჩენილა“, აცხადებს გია ნოდია.
მისი თქმით, ხელისუფელბის გაგებით “ნორმალური სახელმწიფო მართვა“ ზემოთ ჩამოთვლილის საპირისპირო ნიშნებით ხასიათდება. ის გულისხმობს კანონის უზენაესობას, კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ საქმიანობას, გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას. “ყველაფერი ეს ნიშნავს ცვლილებების ტემპის დადგენას; რაღაც ისეთზე დროებით მაინც უარის თქმას, რაც სწორი გგონია; რთულ კომპრომისებს, იმ ადამიანების მოსმენას, ვისგანაც ეს სულაც არ გსიამოვნებს; არაპოპულარური გადაწყვეტილების გამართლებას … ხელისუფლების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და ბევრი ის მოლოდინი, რითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, პრინციპულად შეუძლებელია, გამართლდეს“.
“საზოგადოებამ, თავის მხრივ, უნდა გაიგოს, რომ ყველა პრობლემა უცებ ვერ გადაწყდება … ზოგი მისი [მიხელ სააკაშვილის] ნაბიჯი მცდარი იქნება, ხოლო ზოგი სწორი ნაბიჯი – არცთუ სასიამოვნო. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი რევულუციისთვის უნდა ვემზადოთ. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისევ უნდა გამოვიყენოთ და და ამავე დროს განვავითაროთ ხელისუფლებასთან დიალოგის, მასთან თანამშრომლობის და, ამავე დროს, მასზე ზეწოლის ის მექანიზმები, რასაც 10-15 წლის მანძილზე ვსწავლობთ“, აცხადებს გია ნოდია.