რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა იზრდება, რასაც შერეული საკონტროლო კომისიის 30 სექტემბერ-2 ოქტომბერს მოსკოვში მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაც განაპირობებს.
“რუსული მხარის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უკანასკნელ პერიოდში შერეული სამშვიდობო ძალების ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმების მთელი სერია, 12 ოქტომბრის ერთ-ერთი ასეთი ბოლო ინციდენტის შედეგად, საქართველოს უშიშროების მიერ დაკავებული ოსი სამშვიდობოების განთავისუფლების შემდეგ გაირკვა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი”, ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმების შედეგად შერეული ძალების რუსული, ოსური და ქართული ბატალიონის 6 სამშვიდობო დაიჭრა, ხოლო ორი ოსი ეროვნების პირი გარდაიცვალა.
რუსული მხარე იტოვებს რა უფლებას, რომ ყველა ზომა გამოიყენოს სამშვიდობოების მიმართ მსაგავსი ფაქტების გაგრძელების შემთხვევაში მათი “სიცოცხლისა და ღირსების” დასაცავად, მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს უარყოფითად შეაფასონ სამშვიდობოების საწინააღმდეგო ქმედებები, შედეგიანად გამოიძიონ მომხდარი ინციდენტები და ყველაფერი გააკეთონ მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციისათვის.