საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ შეყვანილი სპეცდანიშნულების სამხედრო ქვედანაყოფების გამო და კატეგორიულად მოითხოვს რუსეთისგან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა ქვედანაყოფებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია.
“სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს, თავი შეიკავოს ყველა იმ ქმედებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და შესაძლოა გამოიწვიოს სამხედრო დაპირისპირება და დაძაბულობის ზრდა კონფლიქტის ზონაში”, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო ოპერატიულ წყაროზე დაყრდნობით ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, 3 ოქტომბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის ფსოუს არალეგიტიმური საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეყვანილი სპეცდანიშნულების სამხედრო ქვედანაყოფის რამოდენიმე ასეული პირის შესახებ.