დღეს საქართველოს პარლამენტმა განიხილა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის ის 23 მუხლი, რომლის რატიფიცირებასაც უახლოესი კენჭისყრის დროს განახორციელებს. ამით საქართველო ასრულებს კიდევ ერთ ვალდებულებას, რომელიც მან ევროპის საბჭოს წინაშე ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს აიღო.
საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ ქარტიას 2002 წლის მაისში მოაწერა ხელი, რის შემდეგაც მას მიეცა უფლება ნებაყოფლობით აერჩია არანაკლებ 20 პუნქტი, რომლის რატიფიცირებაც პარლამენტმა დღემდე ვერ განახორციელა.
საქართველომ უარი თქვა ქარტიის მე-5 მუხლის რატიფიცირებაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით სხვა საკითხებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარებასაც ითვალისწინებს.
ქარტიის მუხლები, რომელსაც საქართველო უერთდება, ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირდაპირი და საყოველთაო წესით არჩევითობას, ადგილობრივი ორგანოს უფლებას თავად განსაზღვროს სტრუქტურა, ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივ თავითმართველობის საქმიანობაში მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში ჩარევას, ასევე ფინანსურ და სხვა საკითხებს.
“ის 23 მუხლი, რომელსაც საქართველო უერთდება, სრულ ჰარმონიაშია ქართულ კანონმდებლობასთან”, განაცხადა 15 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში ზურაბ მელიქიშვილმა.
თუმცა კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ადგილობრივ ორგანოთა სრულ არჩევითობას ნაწილობრივ ითვალისწინებს.