სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა სოჭში არაუგვიანეს 10 ნოემბრამდე შედგება. ამის შესახებ დღეს თბილისში, რუსეთის საელჩოში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე იმსჯელეს.
ხაინდრავას თქმით, დღესვე შსკ-ს თანათავმჯდომარეები ზურაბ ჟვანიას შეხვდებიან, სადაც კოკოითთან შეხვედრისას განსახილველი საკითხების დეტალებს დაადგენენ.
შსკ-ს სხდომაზე, რომელსაც ოთხივე მხარის (საქართველო, რუსეთი, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის) თანათავმჯდომარეები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინტენსიური სროლების საკითხი.
“სამწუხაროდ დაჭრილები არიან სამშვიდობოები. ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონის ორი სამშვიდობო კი გარდაიცვალა”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
სხდომაზე ასევე განიხილეს რეგიონის დემილიტარიზაციის და წინა სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების უპირობოდ შესრულების საკითხები, კერძოდ კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
სხდომაზე ასევე განიხილეს ეუთოსა და ევროკავშირის მიერ რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების განახლების საკითხი, რისთვისაც 2,5 მლნ ევროა გამოყოფილი და მათი განხორციელება კონფლიქტის გამო დროებით შეჩერებულია.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაკინი, რომელიც თბილისში 19 ოქტომბერს ჩამოვიდა. იგი ცხინვალში უკვე შეხვდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრს ბორის ჩოჩიევს. სხდომას ასევე კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვიც დაესწრო.
ჟვანია კოკოითს 10 ნოემბრამდე შეხვდება
