ცხინვალი, მოსკოვი და ეუთო სამშვიდობოებზე თავდასხმებს გმობენ

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 13 ოქტომბერს შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების ორი ოსი სამშვიდობოს დაღუპვასთან დაკავშირებით.
 
ოსი სამშვიდობოების ავტომანქანაზე შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც 12 ოქტომბერს მოხდა, სამშვიდობო ძალების მოსამსახურეებზე თავდასხმის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაა. 8 ოქტომბრის შემდეგ სულ ექვსი სამშვიდობო დაიჭრა, მათ შორის ორ ქართველი და ერთი რუსი, ხოლო ორი ოსი მოკლეს. 
 
“მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს განმუხტოს დაძაბულობა და მოახდინოს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია”, სოლომონ პასის ამ განცხადებას ეუთოს პრესისა და საზოგადოებრივი ინფორმაციის ოფისი ავრცელებს. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მოუწოდა მხარეებს შეასრულონ აღებული ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.
 
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ასევე დაგმო ინციდენტი და ქართველი სამართალდამცავები ორი ოსი სამშვიდობოს სიკვდილში დაადანაშაულა.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებეულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსი სამშვიდობოების მანქანას, რომელიც სოფელ წინაგარის გავლით მოძრაობდა, 12 ოქტომბერს სოფელ კირბალთან უცნობი პირები ჩაუსაფრდნენ. მძღოლი, რიგითი ივანე მარგიევი, თავდასხმის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, კიდევ ორნი – პოლკოვნიკი ხაჩიროვი და რიგითი ძერანოვი კი დაიჭრნენ.
 
“ქართველმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს დაჭრილი სამხედროები, ასევე რიგითი მარგიევი და ერთი სამოქალაქო პირი, ალექსანდრე დუდაევი, რომლებიც ცდილობდნენ დაჭრილები შემთხვევის ადგილიდან გამოეყვანათ. დაკავებულები თბილისში ჩაიყვანეს. იმავე დღეს მოგვიანებით პოლკოვნიკი კაჩიროვი [ერთ-ერთ დაჭრილი სამშვიდობო] გარდაიცვალა საქართველოს უშიშროების სამინისტროში“, ნათქვამია სამხრეთ ოსური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
ქართულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ  გაუკეთებია. თუმცა, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ მათ შეიარაღებული შეტაკების დროს ოთხი პირი დააკავეს.
 
“თავდასხმა საქართველოს სპეცსამსახურებმა განახორციელეს ანტიკრიმინალური ოპერაციის ფარგლებში. ეს იმ შეთანხმებების დარღვევაა, რომელიც უკრძალავს კონფლიქტის მხარეებს აწარმოონ რაიმე სახის ოპერაცია შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ზონაში“, ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
ცხინვალმა ასევე გამოხატა შეშფოთება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას “არაგულწრფელობის“ გამო. “მან დაარწმუნა სამხრეთ ოსეთის მხარე, რომ დაკავებული სამხედროები უსაფრთხოდ იყვნენ და ისინი მხოლოდ მსუბუქად იყვნენ დაჭრილები“, ნათქვამია განცხადებაში.
 
“როგორც ჩანს, ვიღაცას სურს, რომ სამშვიდობოები კონფლიქტის ზონიდან გამოაძევონ“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა სამხრეთ ოსურ და ქართულ მხარეებს მიიღონ “გადამწყვეტი ზომები”, რათა სამშვიდობოების წინააღმდეგ პროვოკაციული ნაბიჯები თავიდან აიცილონ. იაკოვენკოს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის საგანგებო დავალებათა ელჩს ვალერი კენიაიკინს კონფლიქტის ზონაში მიავლენს.

Exit mobile version