ქართული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცე არ ჩაიკეტება

8 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის ფედერალური საავიაციო სააგენტოსა და მათ ქართველ კოლეგებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც სანავიგაციო მომსახურების გადასახადებს დროულად გადაიხდიან, რუსეთის საჰაერო სივრცე არ ჩაიკეტება.


“ორი საკითხი ანუ ძველი ვალების გადახდა და დღეს მომუშავე ავაკომპანიების სანავიგაციო მომსახურეობა ერთმანეთისაგან განცალკევდა ერთხელ და სამუდამოდ. დღეს მოქმედი ავიაკომპანიები თუ დროულად გადაიხდიან საჰაერო ნავიგაციის მომსახურების თანხას, მათ არანაირი პრობლემა რუსეთის საჰაერო სივრცეში არ ექნებათ”, განაცხადა 11 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი მჟავანაძემ. 


რაც შეეხება ძველ ვალებს, სირთულის გამო იგი გადასაწყვეტად სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიას გადაეცემა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ხოლო რუსეთის მხრიდან -ტრანსპორტის მინისტრი ლევიტინი.


სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დსთ-ს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც მოსთხოვა 1994-2001 წლებში დაგროვილი დავალიანების (დაახლოებით 3,6 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ოქტომბრიდან საჰაერო სივრცის ჩაკეტვით დაიმუქრა. თუმცა ქართული ავიაკომპანიების უმეტესობა, რომელთაც დავალიანება დაუგროვდათ დღესდღობით აღარ ფუნქციონირებს. 10 ნოემბრამდე ქართული მხარე მათი ამჟამინდელი სამართლებრივი სტატუსის გარკვევას შეეცდება.

Exit mobile version