დღეს თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იან პეტერსენი ჩამოდის.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რიჩარდ მაილსთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან.
შეხვედრების დროს საუბარი შეეხება საქართველო-ნორვეგიას შორის არსებულ ურთიერთობებს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხებს.