მოსკოვში მიმდინარე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს გაიმართოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ზუსტი ადგილი და დრო განსაზღვრული არ არის.
თუმცა ზურაბ ჟვანიას და ედუარდ კოკოითის შეხვედრის სავარაუდო ადგილად ბულგარეთის დედაქალაქი სოფია დასახელდა.
შერეულმა საკონტროლო კომისიამ 30 სექტემბერს დაამტკიცა შერეული სამშვიდობო ძალების ახალი სარდალი მარატ კულახმეტოვი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სვიატოსლავ ნაბზდოროვი შეცვალა. ასევე განხილულ იქნა კომისიის მიერ ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის ზონიდან დამატებითი ჯარების გაყვანას ეხება.
შერეულმა საკონტროლო კომისიამ მუშაობა მოსკოვში 30 სექტემბერს დაიწყო, სადაც ქართულ მხარეს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს – საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი, რუსეთს კი საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაკინი წარმოადგენდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს წარმომადგენლები.
შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა მუშაობას 1 ოქტომბერს დაასრულებს. დღეს იგეგმება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხების განხილვა.