skip to content
ახალი ამბები

შესაძლოა უცხო ქვეყნის სახელმწიფო კაპიტალს პრივატიზაციაში ბარიერები შეექმნას







კახა ბენდუქიძის ფართო საპრივატიზაციო პოლი-
ტიკა შესაძლოა პარლამენტმა ეჭვქვეშ დააყენოს.
“პრივატიზაციის შესახებ” კანონში ცვლილებების ახალმა საკანონმდებლო ინიციტივამ, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმა უკვე ღიად დაუჭირა მხარი, შესაძლოა მთავრობის “აგრესიული პრივატიზაციის” პროცესს დარტყმა მიაყენოს. კერძოდ, საუბარია უცხო ქვეყნის სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული საწარმოებისათვის ქართული ობიექტების პრივატიზაციის პროცესში 25%-იანი შეზღუდვის დაწესების თაობაზე, რასაც ეკონომიკის სამინისტრო უკვე დაუპირისპირდა. 


კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ნაცვლიშვილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრია პარტიის დაარსების დღიდანვე, “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში პირდაპირ აცხადებს, რომ “ინიციატივის მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ “გაზპრომს”, “რაო ეესს”, “იტერას” და მსგავს საწარმოებს შეეზღუდოს მონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში, რადგან თავიდან ავიცილოთ რუსეთზე პირდაპირი ენერგოდამოკიდებულება, რაც ჩვენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებს”.


პროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, რომ დღეს მოქმედი “პრივატიზაციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს პრივატიზაციის პროცესში 25%-ზე მეტი წილის შესყიდვას უკრძალავს, გავრცელდეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო საწარმოებზეც, რათა თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს სახელმწიფო ქონების მყიდველი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო საწარმო და გამოირიცხოს უცხო ქვეყნის უპირატესობა.


“ამასთან, მნიშვნელოვანია სტიმული მიეცეს კერძო კაპიტალის შემოსვლის პროცესს და არა სახელმწიფო კაპიტალისა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური დატვირთვა”, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმა 24 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მხარი უკვე დაუჭირა.


თუმცა ძირითადი მოწინააღმდეგე კანონპროექტს, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის საქართველოს სინამდვილეში გადმოტანას ისახავს მიზნად, ეკონომიკის სამინისტროს სახით უკვე გამოუჩნდა.


“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა მოვიზიდოთ უცხოური კომპანიები და ამ დროს ასეთი კანონის მიღებით მათ ფაქტიურად ხელს ვკრავთ და საქართველოში ინვესტიციების დაბანდების სურვილს ვუქრობთ”, აცხადებს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.


თუმცა როგორც დეპუტატი გია ნაცვლიშვილი აცხადებს, “ამ ინიციტივით იზღუდება სახელმწიფო კაპიტალის მონაწილეობა, რომელიც როგორც წესი ყოველთვის პოლიტიზირებულია, ხოლო ინიციატივა ეძლევა კერძო კაპიტალს.”


მისი თქმით, საქართველოში არსებობს იმის პრეცედენტი, როცა პოლიტიკური დაძაბულობის დროს რუსეთი საქართველოს მიმართ ენერგოსფეროში ეკონომიკურ სანქციებს ატარებდა. ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების ამოქმედებაზე რუსეთის სათათბიროშიც ხშირად გაკეთებულა განცხადებები.


თუმცა, როგორც პარლამენტის წევრი შოთა გვენეტაძე “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში აცხადებს, ეკონომიკური ბლოკადა ნებისმიერ არაკეთილგანწობილ სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია შექმნას კერძო ინვესტორის საშუალებითაც.


“ამიტომ ჩვენ ამისთვის ეკონომიკურ სივრცეს ვერ დავხურავთ. პირიქით ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ რაც შეიძლება ბევრი ინვესტორი მეზობელი თუ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებიც, თუკი ისინი ბიზნეს ურთიერთობებს ააწყობენ ჩვენ ქვეყანასთან, გადაიხდიან გადასახადებს და კეთილსინდისიერად შეასრულებე საქართველოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს”,  აცხადებს დეპუტატი შოთა გვენეტაძე, რომელიც ასევე მმართველი ფრაქციის წევრია.


მისი თქმით, თუ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ მსჯელობა პოლიტიკური და არა ეკონომიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით უნდა წარიმართოს, “ეკონომიკური თვალსაზრისით კი ეს შეზღუდვა აბსოლუტურად გაუმართლებელია”.


“ეკონომიკა პოლიტიკასთან პირდაპირ არის გადაჯაჭვული. რუსეთი, რომ იყოს განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს მიმართ, მაშინ ამ ინიციტივის აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გია ნაცვლიშვილმა. 


ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო იმ 372 ობიექტიან ნუსხასთან დაკავშირებით, რომელთა გაყიდვაზეც სახელმწიფომ ივლისში გამოთქვა სურვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის, თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქმენეთის და ყაზახეთის კომპანიებთან. თუმცა როგორც ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ოპონენტები აცხადებენ პრივატიზაციის პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.


აღსანიშნავია, რომ 22–23 სექტემბერს თბილისში რუსული კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით „გაზპრომი“ „თბილგაზის“ პრივატიზირებით არის დაინტერესებული, თუმცა ოფიციალური პირები, მათ შორის “თბილგაზის“ ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ მოლაპარაკებები ამ ობიექტის პრივატიზირებას შეეხება.


სახელმწიფომ 2004-2006 წლებში გასაყიდად გამოიტანა “რუსთავის მეტალურგიული კომბინატი”, “ჭიათურმანგანუმი”, “აზოტი”, “საქართველოს” ელექტროკავშირი”, “საქართველოს ტელეკომი”, საქალაქთაშორისო კავშირი”, “თბილისის საერთაშორისო აეროპორტი”, “ძევრულაჰესი” და “შაორჰესი” შედიან. აქვეა საქართველოს ეროვნული ზარაფხანა, “გუმათჰესი”, “რიონჰესი”, “ლაჯანურჰესი”, “ფოთის აეროპორტი”, ფილარმონია, ბათუმის გემთსაშენი ქარხანა, გაზის საწარმოები და ბევრი სხვა ობიექტი.


მას შემდეგ, რაც პრივატიზაციის ახალი ეტაპი დაიწყო, აუქციონის წესით გაიყიდა 21  წვრილი ობიექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან
”წარმატებულად” შეფასდა.


გასაყიდი ობიექტების 80%-ს ქონების მართვის სააგენტო მართავს. საწარმოების აუდიტი ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის. შესაბამისად, საპრივატიზაციოდ გამზადებული ობიექტების აუქციონზე გასატანად არათუ სასტარტო ფასი, არამედ საწესდებო კაპიტალის ღირებულებაც კი არ არის დაზუსტებული.


ამდენად, კონკრეტული მონაცემი, თუ რა შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტი პრივატიზაციიდან, არ არსებობს. თუმცა ცნობილია, რომ 2004 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას პრივატიზაციიდან დაგეგმილ 20 მილიონ ლარს დაემატა 61 მილიონი ლარი, რომელიც 2004 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად “თბილავიამშენის” გაყიდვიდან უნდა შევიდეს, რომელიც თურქმენული ვალის გაქვითვის სანაცვლოდ საწარმოს ამჟანინდელი მფლობელის პანტიკო თორდიას საკუთრებაში გადავა.


აღსანიშნავია, რომ დღემდე განხორციელებული პრივატიზაციის პროცესი განსაკუთრებული “შემოსავლიანობით” არასოდეს გამოირჩეოდა. კერძოდ, 1993 წლიდან 2003 წლის ჩათვლით საქართველოში პრივატიზებულია 17 ათას 571 ობიექტი, რის შედეგადაც ქვეყანამ სულ 491 მილიონ 70 ათასი ლარი მიიღო.

Back to top button