“გაზპრომი“ თბილისში გაზის ინფრასტრუქტურას სწავლობს

თბილისში ორდღიანი ვიზიტით რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის“ წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც  გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის “თბილგაზის“ პრივატიზებით არიან დაინტერესებულნი.
 
თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე, რომლის განცხადებით “გაზპრომის“ წარმომადგენლები თბილისს გაზის ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით ესტუმრნენ.
 
“შესაძლოა ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფიც შეიქმნას”, განაცხადა 22 სექტემბერს კახა ბენდუქიძემ.
 
“თბილგაზის“ პრივატიზების შესახებ კომენტარისგან თავს იკავებენ “გაზპრომის“  წარმომადგენლები, რომლებიც 22 სექტემბერს შეხვედრებს ეკონომიკის სამინისტროში მართავდნენ .
 
დღეისათვის თბილისში ბუნებრივი აირის ერთადერთი მომწოდებელი სწორედ კომპანი “გაზპრომია”. ამის შესახებ ხელშეკრულებას ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას მოსკოვში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.


 

Exit mobile version