21 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფის, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მოეწყო. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინიციატივით შედგა.
კანონპროექტზე მუშაობა უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა მისი ზოგიერთი დებულება დღემდე კამათის საგანია. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმის გამო, რომ კანონპროექტმა საზოგადოებაში მწვავე დისკუსია გამოიწვია, გადაწყდა, რომ დოკუმენტი განსახილველად “არ შეგვეტანა პლენარული სხდომის დღის წესრიგში”.
კამათის საგანს ძირითადად საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნის, მისი ფინანსირების, ზოგადად ტელევიზიების ლიცენზირების და ტელეანძის ფლობასთან დაკავშირებული საკითხები იწვევენ.
აზრთა სხვადასხვაობას განსაკუთრებით შპს ტელერადიოცენტრის – ანძის სტატუსი წარმოადგენს. დღეს ტელეანძა სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა კანონპროექტით მისი გადაცემა საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის არის გათვალისწინებული.
ოპონენტების განცხადებით, ანძის, რომელიც დღეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, უშუალოდ საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის დაქვემდებარება დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესების ტოლფასი იქნება, რაც თავისუფალ მედიას შეზღუდავს.