რუსმა მესაზღვრეებმა მოსკოვში ჩასული ქართველი მგზავრები ქვეყანაში არ შეუშვეს

დღეს რუსეთში მიმავალი ქართველი მგზავრები მოსკოვის აეროპორტ “შერემეტევოდან“ უკან გამოაბრუნეს. მიზეზად რუსმა მესაზღვრეებმა სავიზო წესების დარღვევა დაასახელეს, რასაც საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი უსაფუძვლოს უწოდებს.
 
დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის შალვა ლონდარიძის ინფორმაციით, როდესაც ხდება მგზავრის დეპორტაცია, საზღვრის დაცვის უწყებამ თითოეულ მგზავრზე უნდა გასცეს აქტი, თუ რა მიზეზით არ დაიშვება ის ქვეყანაში.
 
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი რუსი მესაზღვრეები მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შალვა ლონდარიძემ.
 
მისი განცხადებით, ყველა მგზავრის საბუთები და საპასპორტო მონაცემები თბილისში სათანადოდ შემოწმდა.


20 სექტემბერს განხორციელებული თბილისი-მოსკოვის ავიარეისის მგზავრებს ღამის გათენება მოსკოვის აეროპორტში მოუწიათ.

Exit mobile version