სააკაშვილი: ჩვენ არ გვსურს რუსეთთან კონფრონტაცია

ნიუ-იორკში 20 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას სამი ძირითადი მიზანი აქვს: საქართველოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, უსაფრთხოების საგარეო გარანტიების მოძიება და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან კავშირების დამყარება.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს ბალანსს “ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ და დასძინა, რომ მას არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია. 


დსთ-ის წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ გააჟღერა თავისი პოზიციები “მტკიცე, მაგრამ მეგობრული ფორმით“. სწორედ ასეთია საქართველოს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, დასძინა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები, თუ ისინი არ შეეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.


მან ასევე აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს რუსეთზე მკაცრად ისაუბროს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, თუმცა სეპარატიზმისა და ტერორიზმის ურთიერთკავშირის საკითხს ორგანიზაციის წინაშე დააყენებს.    


 

Exit mobile version