ელექტროგადამცემ ხაზზე “კავკასიონზე“ 20 სექტემბრის ღამეს ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. გასულ კვირას ენერგეტიკის სამინისტრო იმავე ხაზის აფეთქების მცდელობის თაობაზე იუწყებოდა.
ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა აფეთქებებს “დივერსიული აქტის“ შეფასება მისცა. მისი თქმით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე ოთხიდან ორი აგრეგატი გამორთულია. მინისტრის თქმით, საუკეთესო შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება 21 სექტემბრის საღამოს აღდგება.