
ახალი ამბები
დსთ-ის სამიტზე რუსულ-ქართული ურთიერთობები დომინირებდა
![]() |
დსთ-ს ლიდერთა პრეს-კოფერენცია ასტანაში. ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური |
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტზე მთავარ თემას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა წარმოადგენდა. თუმცა, დღის წესრიგში აფხაზეთის საკითხიც შევიდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტში მონაწილე 10 ლიდერის მიერ მიღებული რეზოლუცია (თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა და მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა სამიტში მონაწილეობა არ მიიღეს), ადასტურებს მხარეთა პირობას თავი შეიკავონ აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან კონტაქტისგან თბილისითან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
რუსეთის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ მოსკოვსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის შეშფოთება გამოიწვია, შედეგად თბილისმა ეს საკითხის ასტანაში გამართულ დსთ-ის სამიტზე დააყენა.
“აფხაზეთის პრობლემა დსთ-ის სამიტის დღის წესრიგში იქნა შეტანილი და მე მოხარული ვარ ამით. დღეს დსთ-ის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთზე, რომელშიც დსთ-ის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას შეთანხმებებისადმი, მათ შორის 1995 და 1996 წელს მიღებული რეზოლუციებზე აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ყველანაირი კავშირის, მათ შორის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების, გაწყვეტის თაობაზე“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც დსთ-ის ქვეყნების კიდევ 9 ლიდერი, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც, ესწრებოდა.
“თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოები თავს შეიკავებენ ნებისმიერი ცალმხრივი აქტებისა და მოქმედებებისაგან [აფხაზეთთან მიმართებაში], რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება”, ნათქვამია დსთ-ს გადაწყვეტილებაში.
“მოხარული ვარ, რომ დსთ-მ, მათ შორის რუსეთმაც, მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შესრულდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“, დასძინა სააკაშვილმა.
თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე გამოიწვია თუ არა მოსკოვი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენამ მოსკოვსა და თბილისსა შორის არსებული დაძაბულობის ესკალაცია, პუტინმა განაცხადა, “ეკონომიკური ზეწოლა კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო საშულება არ არის”.
“ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ბლოკადა, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო ზეწოლაზე, შედეგად პრობლემის მოგვარებას არ მოიტანს “, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
“ვფიქრობთ, დღევანდელი გადაწყვეტილება, ისევე როგორც ყველა წინა გადაწყვეტილება [დსთ-ის სამიტების აფხაზეთთან მიმართებაში] 1996 წლის რეზოლუციის ჩათვლით, არ ზღუდავს არასახელმწიფო ორგანიზაციის კომერციულ საქმიანობას [აფხაზეთში]. სოჭში [2003 წლის მარტში] ჩვენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან [ედუარდ შევარდნაძესთან] შევთანხმდით, რომ რკინიგზის აღდგენის და დევნილთა გალის რაიონში დაბრუნების პროცესი სინქრონულად განხორციელდებოდა. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით, დაახლოებით 50-60 ათასი დევნილი უკვე დაბრუნდა კიდეც გალის რაიონში“, განაცხადა პუტინმა.
პუტინის ამ განცხადებაზე სააკაშვილის საპასუხო განცხადებამაც არ დააყოვნა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დევნილთა არაორგანიზებული დაბრუნება გალის რაიონში უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე პრობლემას ვერ ხსნის. მან რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებაში დაადანაშულა.
“მინდა შევთანხმდე ბატონ პუტინთან, რომ ეს საკითხები დიალოგის მეშვეობით მოგვარდეს. ვფიქრობ, რუსეთს შეუძლია და უნდა შეასრულოს პოზიტიური როლი კონფლიქტების მოგვარებაში … მაგრამ ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ 300 000 ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დევნილთა გარკვეული ნაწილი დაბრუნდა აფხაზეთის კონკრეტულ რეგიონში, სადაც მათ მონებივით ექცევიან, სულაც არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ დსთ-ის შეთანხმებები კვლავ ძალაშია, თუმცა ამავე დროს, ჩვენ განცვიფრებულნი ვართ იმის გამო, რომ სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელი [გენადი] ფადეევი სოხუმში იმყოფება და პირდაპირი კონქაქტი აქვს სეპარატისტებთან. ეს კი აკრძალულია დსთ-ის შეთანხმებებით“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
აფხაზეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურა “რუსეთის რკინიგზის“ აქტიური მხარდაჭერით აღდგა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გენადი ფადეევმა მოსკოვი-სოხუმის რკინიგზის აღდგენის საზეიმო ცერემონიაშიც კი მიიღო მონაწილეობა, რომელიც სოხუმში 10 სექტემბერს გაიმართა.
სააკაშვილსა და პუტინს შორის მწვავე დებატები რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ რუსეთის პრეზიდენტმა არ შესთავაზა სააკაშვილს კამათი პირისპირ შეხვედრაზე განეგრძოთ.
“ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა კამათი გავაგრძელოთ, თუმცა ახლა ვფიქრობ სხვა კითხვებიც უნდა იყოს [ჟურნალისტებისგან] … ეს არ არის შესაფერისი ფორმატი ამ საკითხების განსახილველად, რადგანაც ეს ის პრობლემაა, რომელიც დსთ-ს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ. აქ აფხაზეთის წარმომადგენლები არ არიან…ყველა ამ საკითხს ჩემს კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად პრეს-კონფერენციის შემდეგ ერთი ერთზე განვიხილავთ“, განაცხადა პუტინმა.
ორმხრივი შეხვედრა მართლაც შედგა პრეს-კონფერენციის შემდეგ ასტანაში; თუმცა, არც ერთმა პრეზიდენტმა შედეგების შესახებ კომენტარი არ გააკეთა. ამგვარად, შეხვედრის დეტალები უცნობია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ყოველთვის ესაუბრება ჟურნალისტებს უცხოური ვიზიტების შესახებ, ასტანიდან დაბრუნების შემდეგაც კი არ გააკეთა კომენტარი პუტინთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე.