რომანო პროდი საქართველოში ჩამოდის

ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი 17-18 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. მანამდე იგი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანს სტუმრობდა. 


18 სექტემბერს რომანო პროდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.


რადიო “თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რომანო პროდიმ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროკავშირის წევრობა, რომლებიც ახლახანს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში გაერთიანდნენ, შეუძლებელია, სანამ ევროპის საზღვრები გაურკვეველია. პროდი აღიარებს, რომ ევროკავშირის ძირითადი შეთანხმებები “ევროპის“ ყველა ქვეყნის ორგანიზაციაში გაერთიანებას გულისხმობს, თუმცა, აქვე დასძენს, რომ ევროპის საზღვრები არ არის დაფიქსირებული და დროდადრო იცვლება.


მან დასძინა, რომ ევროკავშირს, როგორც რუსეთის “ძლიერ და დამოუკიდებელ“ მეგობარს, შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს სამხრეთ კავკასიაში “გაყინული კონფლიქტების“ მოგვარების საქმეში. თუმცა, მან გამორიცხა ევროკავშირის სამხედრო მონაწილეობა რეგიონში, განსაკუთრებით მიმდინარე პერიოდში. 

Exit mobile version