skip to content
ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩაკეტილია

ყაზბეგის მახლობლად, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რამდენიმე ასეულ ადამიანს უკვე ოთხი დღეა საზღვრის გადალახვის საშუალება არ ეძლევა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. პარალელურად, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც ბესლანის #1 სკოლაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ვლადიკავკაზშია დაპატიმრებული.
 
რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთი ბესლანში 1-3 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ჩაიკეტა.
 
“ჩვენ უკვე ფულიც გამოგველია. ავტობუსებში ბევრი ავადმყოფი მგზავრია, ვინმემ ექიმი მაინც გამოგვიგზავნოს. ჩვენც ძალიან განვიცდით [ბესლანში] მომხდარ ტერორისტულ აქტს“, განუცხადეს ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიმავალმა აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა საქართველოს ტელევიზიას 6 სექტემბერს.
 
ჩრდილოეთ ოსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, 4-5 სექტემბის განმავლობაში დაახლოებით 320 ადამიანს არ მიეცა საშუალება გადაელახა საზღვარი ზემო ლარსისა და ქვემო ზარამაგის გამშვები პუნქტების გავლით.
 
“საზღვარი რუსეთის მხრიდანაა ჩაკეტილი და მისი გადაკვეთა შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, კიდევ რამდენი ხანი იქნება მიმოსვლა შეწყვეტილი”, განუცხადა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შალვა ლონდარიძემ “სივილ ჯორჯიას“ 6 სექტემბერს.
 
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც 4 სექტემბერს ტერორისტული აქტის სისხლიანი დასასრულის შემდეგ ბესლანს ესტუმრა, ჩრდილოეთ ოსეთის საზღვრების ჩაკეტვის თაობაზე ბრძანება გასცა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 4 სექტემბერს ეროვნული უშიშრების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მან ასევე უბრძანა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს გაამკაცროს კონტროლი რუსეთის საზღვარზე.    
 
საქართველოს მთავრობამ 3 სექტემბერს სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი გააგზავნა ბესლანში, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს, იმის გამო, რომ საზღვრები უკვე ჩაკეტილი იყო.
 
ყაზბეგის გამშვები პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი სახმელეთო საზღვარია, რომელსაც ოფიციალური თბილისი აკონტროლებს. კიდევ ერთი გადასასვლელი, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ ოსეთს უკავშირებს, როკის გვირაბია, რომელიც ე.წ სამხრეთ ოსეთზე გადის.
 
“ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია როკის გვირაბი ჩაკეტილია, თუ არა, რადგანაც საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ვერ აკონტროლებს საზღვრის ამ მონაკვეთს“, განუცხადა შალვა ლონდარიძემ “სივილ ჯორჯიას“ 7 სექტემბერს.
 
თუმცა, “სივილ ჯორჯიასთვის“ საქართველოს უშიშროების სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ როკის უღელტეხილიც ჩაკეტა.
 
ქართული მედიით ვრცელდება ვარაუდი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა იყოს რაიმე კავშირი ბესლანის ტერორისტულ აქტსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის. ქართულმა ტელეკომპანია “მზემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ის ავტომანქანა, რომელიც ტერორისტული აქტის მონაწილეებმა გადაადგილებისთვის გამოიყენეს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ სანომრე ნიშნებს ატარებდა. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 6 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ქართული სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბესლანში ნაწილი ტერორისტებისა სამხრეთ ოსეთიდან მოხვდნენ.


“დაზუსტებით ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეიძლება, თუმცა სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მიმართულებით ბოევიკების შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული სპეცსამსახურები ამოწმებენ”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
ამავდროულად, ვლადიკავკაზის სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ნანა ლეჟავას და ოპერატორ ლევან თეთვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავებმა არ დართეს ნება ”რუსთავი 2“-ისა და რუსეთში საქართველოს საელჩოს  წარმომადგენლებს მოენახულებინათ ლეჟავა და თეთვაძე საკანში.
 
“რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ბესლანში 4 სექტემბერს ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. ჟურნალისტს და ოპერატორს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ ბრალი. ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები აცხადებენ, რომ ნანა ლეჟავას და ლევან თეთვაძეს არ აღმოაჩნდათ რუსეთის ვიზები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური აკრედიტაცია რუსეთში მომუშავე უცხოელი ჟურნალისტებისთვის.
 
თუმცა, “რუსთავი 2“ აცხადებს, რომ ნანა ლეჟავას და ლევან თეთვაძეს არ სჭირდებოდათ რუსეთის ვიზები  ჩრდილოეთ ოსეთში შესასვლელად, რადგანაც მათ ყაზბეგის ადმინისტრაციის მიერ გაცემული პირადობის მოწმობები ჰქონდათ. ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით კი, ყაზბეგის, როგორც მოსაზღვრე, რაიონის მაცხოვრებლებს ვიზები არ ესაჭიროებათ.
 
ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფმა საქართველოში რუსეთის საელჩოს წინ 6 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართა ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის სასწრაფო განთავისუფლების მოთხოვნით. “რუსთავი 2“ აცხადებს, რომ ორივე მათგანი ბესლანში თავიანთი “პროფესიული საქმიანობის“ გამო დააკავეს, რადგანაც ისინი “ობიექტურად აშუქებდნენ ბესლანში მიმდინარე მოვლენებს“.
 
ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სადაც კოლეგას ჩრდილოეთ ოსეთში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების საკითხის პირად კონტროლზე აყვანა და მათი განთავისუფლება სთხოვა.


საპარლამენტო უმრავლესობის  –  “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” დეპუტატები ასევე წერილით მიმართავენ რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს, სადაც ბესლანში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის პარალელურად რუს კოლეგებს ჩრდილოეთ ოსეთში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების განთავისუფლებაში წვლილის შეტანას სთხოვენ.


რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 6 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 4 სექტემბერს დაკავებული ქართველი ჟურნალისტების საკითხი აქტიურად განიხილება.  მან იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტი “დადებითად დასრულდება“.
 
 


 


 


 

Back to top button