დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სადაც კოლეგას ჩრდილოეთ ოსეთში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების საკითხის პირად კონტროლზე აყვანასა და მათ განთავისუფლებას სთხოვს.
ქართული ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე, რომლებიც 1 სექტემბრიდან აშუქებდნენ ბესლანში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავებმა 4 სექტემბერს დააკავეს. დღემდე ისინი ვლადიკავკაზის მილიციის განყოფილებაში იმყოფებიან. რუსი სამართალდამცავები ჟურნალისტებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს.
თუმცა, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მტკიცებით ორივე ჟურნალისტი ყაზბეგის რაიონშია ჩაწერილი და შესაბამისად მათზე მოსაზღვრე რაიონებზე გავცელებული უვიზო მიმოსვლის შეღავათიანი რეჟიმი ვრცელდება.
“დღესდღეობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართველი ჟურნალისტების განთავისუფლებაა, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩუბინიშვილმა 6 სექტემბერს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ასევე დაგმო ჟურნალისტების დაკავების ფაქტი და ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს ელჩების დელეგაციას, მათ შორის რუსეთის ელჩს ეუთოში, გააცნო.
“ეს [ჟურნალისტების დაკავება] სრულად აღმაშფოთებელი ფაქტია, ვითვალისიწნებ რა რუსეთში შექმნილ მძიმე სიტუაციას, გაცილებით მკაცრი შეფასებებისაგან, რასაც ეს ფაქტი იმსახურებს, თავს ვიკავებ”, განუცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.