სააკაშვილი რუსეთისაგან ქართველი ჟურნალისტის განთავისუფლებას მოითხოვს

დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებოდ შეკრებილ სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ბესლანში დაკავებული, ტელეკონპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის ნანა ლეჟავასა და ოპერატორ ლევან თეთვაძის სასწრაფოდ განთავისუფლება მოითხოვა.


პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში რუსეთის ელჩთან ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან შეხვედრას, ხოლო შეხვედრის უშედეგოდ დამთავრების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზებას ითხოვს.

“ჩვენ გვესმის რუსეთში დღეს შექმნილი სიტუაციის სიმძიმე, თუმცა ამავე დროს ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ბედზე”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებულ ჟურნალისტთან მიმართებაში.

დღეს რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინერფაქსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბესლანის შსს განყოფილებამ დაადასტურა ქართველი ჟურნალისტის დაკავების ფაქტი, რომელმაც შესაბამისი ორგანოების ყურადღება “ზედმეტი აქტიურობით” მიიპყრო.

რუსული წყაროს ინფორმაციით, ნანა ლეჟავას და ლევან თეთვაძეს არ აღმოაჩნდა რუსეთის ვიზა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური აკრედიტაცია, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა.

თუმცა, როგორც “რუსთავი 2” იტყობინება ნანა ლეჟავას და ლევან თეთვაძეს არ ჭირდებოდათ რუსეთის ვიზა, რადგან ორივე ყაზბეგის რაიონში იყო ჩაწერილი. როგორც ცნობილია მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ჩრდილოეთ ოსეთში 10 დღის ვადით ვიზის გარეშე გაემგზავროს.

Exit mobile version