პუტინი: ტერორისტების მთავარ მიზანს ჩრდილოეთ კავკასიის “აფეთქება“ წარმოადგენდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანს 4 სექტემბერს, ტერორისტების მიერ მძევალთა აყვანის სისხლიანი ინციდენტის დასრულების შემდეგ ეწვია, განაცხადა, რომ ტერორისტების მთავარ მიზანს “ეთნიკური შუღლის პროვოცირება და ჩრდილოეთ კავკასიის “აფეთქება“ წარმოადგენდა.  


“ყველა, ვინც წამოეგება ამ პროვოკაციას, მიჩნეული იქნება როგორც ტერორისტული აქტის თანამონაწილე“, განაცხადა პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ბრძანება გასცა ჩრდილოეთ ოსეთის საზღვრების ჩაკეტვის თაობაზე.


“მე ვუბრძანე ჩაკეტონ ჩრდილოეთ ოსეთის საზღვრები და მკაცრი კონტროლი განახორციელონ, რათა გამოვავლინოთ ის ხალხი, რომელთაც ტერორისტულ აქტთან აქვთ კავშირი“, დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.


ოფიციალური ინფორმაციით, 250-ზე მეტი მძევალი, უმეტესობა ბავშვები, იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტების მიერ დაკავებულ სკოლის შენობაზე შეტევა განახორციელეს. თუმცა მსხვერპლთა რიცხვი, როგორც მოსალოდნელია, კიდევ გაიზრდება, რადგან სკოლის შენობიდან დაღუპულთა გვამების გადმოსვენება კვლავ გრძელდება.


 

Exit mobile version