თბილისი კოკოითთან პირისპირ მხოლოდ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სტატუსზე ისაუბრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 31 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მხოლოდ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი იქნება განხილვის მთავარი თემა დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან მისი პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში.


“ჩვენ ორმხრივი შეხვედრის საჭიროების საკითხს იმ მიზნით ვაყენებდით, რომ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისათვის მიგვეღწია. მაგრამ ამ მიზანს ქართული მხარის ძალისხმევით უკვე მივაღწიეთ [როცა 20  აგვისტოს თბილისმა მიიღო გადაწყვეტილება გამოეყვანა საკუთარი ძალები კონფლიქტის ზონიდან]. ამჯერად, ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სტატუსის განსაზღვრა იქნება”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


“ამ დიალოგისათვის საგანგებოდ უნდა მოვემზადოთ”, დასძინა მან.


ცოტა ხნის წინ, სამხრეთ ოსურმა მხარემ მოუწოდა თბილისს ჟვანია-კოკოითის შეხვედრის “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” გამართვისაკენ.


რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ე.წ სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელის ირინა გაგლოევას სიტყვებს ეყრდნობა, “თბილისი და ბათუმი შეხვედრისათვის შესაფერის ადგილებად ვერ გამოდგება”.


გაგლოევას თქმით, ოსური მხარისთვის ასევე მოუღებელია ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაც, ვინაიდან “ბულგარეთი საქართველოს იარაღით ამარაგებს”.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ ცოტა ხნის წინ შესთავაზა კონფლიქტის მხარეებს სოფიაში მისხდომოდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას.

Exit mobile version