აშშ საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცირების მიზნით დაფინანსებას აორმაგებს

ქართული და ამერიკული მხარეები 30 აგვისტოს ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ბიოლოგიური იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისა და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების მიზნით აშშ-ის 15 მილიონიანი დაფინანსების 30 მილიონ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.   


“დაფინანსება მოხმარდება საცავი ობიექტებისა და ბიოლოგიური რისკის მქონე ნივთიერებებებთან მომუშავე კვლევითი ლაბორატორიების მოდერნიზებას”, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.


ხელმოწერის ცერემონიალს თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ლუგარი დაესწრება.


სენატორი  ლუგარი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემცირების პროცესში, 30 აგვისტოს შეხვედრებს გამართავს საქართველოს პირველ პირებთან.


იგი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს და გარემოს დაცვის მინისტრს თამარ ლებანიძეს.

Exit mobile version