“ჩვენ ამ საგადასახადო კოდექსით იანვრიდან ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ,“ – ასეთი იმედი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგადასახადო კოდექსის ახალ პროექტთან მიმართებაში, რომლის საბოლოო ვარიანტიც მინისტრთა კაბინეტმა 26 აგვისტოს დაამტკიცა.
ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ საგადასახადო რეჟიმს ოქტომბერისთვის დაამტკიცებს. კოდექსის ამოქმედება კი 2005 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.
საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, რომელიც გაცილებით ლიბერალურია დღეს მოქმედ საგადასახადო რეჟიმთან შედარებით, არსებული 22 გადასახადიდან ძალაში 8 გადასახდი დარჩება. ესენია: საშემოსავლო, სოციალური, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, ქონების ( რომელშიც ასევე შევა დღეს ცალკე არსებული მიწის გადასახადი), გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის.
ასევე მცირდება ზოგიერთი გადასახადის განაკვეთებიც. კერძოდ: მოქმედი 33%-იანი სოციალური გადასახადი 20%-მდე დაიწევს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 12%-მდე დაიკლებს, ასევე დაგეგმილია დღგ-ს 20%-დან 18%-მდე შემცირება. მოგების გადასახადი კი უცვლელი რჩება – 20%.
“კოდექსის პრინციპული საკითხების [საგადასახადო განაკვეთების, ახალი ინსტიტუტების] გადახედვა ან შეცვლა გამორიცხულია. ასევე ეჭვი მეპარება, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ რაიმენაირი წინააღმდეგობა გაუწიოს კოდექსის მიღებას. თუმცა ჯანსაღი კამათი სხვადასხვა დებულებებისა და ფორმულირებების გარშემო აუცილებლად გაიმართება,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა შოთა გვენეტაძემ.
შესაძლოა სადავო საკითხებად მართლაც იქცეს დიფერენცირებული სახის ისეთი გადასახადების თემა, როგორიცაა სათამაშო ბიზნესსა და აქციზზე გაზრდილი გადასახადები, რითაც ფაქტიურად ბალანსდება ის დანაკარგები, რაც ბიუჯეტს სხვა გადასახადების დაკლებით მიადგება.
მაგალითისთვის ნავთობპროდუქტებზე აქციზური გადასახადი საშუალოდ 30-50 ლარით იზრდება; თამბაქოს ნაწარმზე აქციზი გაორმაგდება და 80 თეთრს შეადგენს; ასევე გაორმაგდება აქციზი ეთილის სპირტზე; ხოლო ღვინოზე აქციზი 70 თეთრი გახდება.
მნიშვნელოვანი მატება შეეხება სათამაშო ბიზნესის ყველა სახეობის გადასახადს, სადაც გადასახადების თითქმის გაორმაგება იგეგმება.
ახალ კოდექსში აისახება ის დაპირებაც, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინდივიდუალურ მეწარმეებს ცოტა ხნის წინ აღუთქვა, მათი გადასახადებისაგან სრულად განთავისუფლებასთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტული ჩამონათვალი, თუ ვინ ჩაითვლება ინდივიდუალურ მეწარმეებად, ჯერ-ჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.
მიწის გადასახადისაგან, რომელიც ქონების გადასახადის შემადგენელი ნაწილი ხდება, კვლავაც თავისუფლები იქნებიან მიწის ის მეპატრონეები, რომელთა მფლობელობაში არსებული მიწები 5 ჰექტარს არ აღემატება. აღნიშნული შეღავათის მოქმედება კანონპროექტის მიხედვით 2010 წლამდეა ნავარაუდევი.
კოდექსში ნოვაციას წარმოადგენს საგადასახადო ამორტიზაციის რეჟიმის შემოღება, რაც ინვესტიციების ზრდას ისახავს მიზნად. ამ რეჟიმის პირობებში მეწარმეები დამატებით განხორციელებული ინვესტიციების შემთხვევაში 5 წლის განმავლობაში თავისუფლდებიან მოგების გადასახადისაგან, მაშინ როდესაც მოქმედი კოდექსით ინვესტიციების განხორციელება იბეგრებოდა.
“ამორტიზაციის რეჟიმით, რომელიც არჩევაც მეწარმეებს ნებაყოფლობით შეუძლიათ, ჩვენ ხელს ვუწყობთ საწარმოებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ინვესტიციების განხორციელებისათვის ნოყიერ ნიადაგის შექმნას”, აცხადებს დეპუტატი შოთა გვენეტაძემ.
ასევე, მოიხსნება საგადასახადო შეღავათები დარგების მიხედვით, რაც მეწარმეებს არათანაბარ პირობებში აყენებდა. თუმცა დარჩება ის საგადასახადო შეღვათები, რაც მხოლოდ სოციალური ხასიათის იქნება. სავარაუდოდ, შეღავათები გავრცელდება ჯანდაცვის სფეროზე, ასევე ინვალიდებსა და სოციალურად დაუცველ ფენებზე.
“ახალ კოდექსში მეწარმეთა დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მექანიზმებია ჩადებული, რაც მოქმედი კოდექსთან მიმართებაში უდავოდ წინ გადადაგმული ნაბიჯია, მარტივდება გასაჩივრების მექანიზმები, რაც ზრდის ფინანასთა სამინისტროს და ზოგადად მთავრობის პასუხისმგებლობას მეწარმეთა წინაშე”, ამბობს დეპუტატი შოთა გვენეტაძემ.
მეწარმეებს საკუთარი უფლებების დაცვისათვის ახალი საგადასახადო კოდექსი რამოდენიმე გზას სთავაზობს. კერძოდ, მას დარღვევების გასაჩივრება შეეძლება როგორც ფინანსთა სამინისტროში, ისე სპეციალურ საგადასახადო არბიტრაჟში ან სასამართლოში.
მეწარმეს უფლება ეძლევა საგადასახადო სისტემის ყველა ინსტანციაში გაასაჩივროს ნებისმიერი სადავო საკითხი. ამ მიზნით ფინანსთა სამინისტროში შეიქმნება ე.წ საბჭო მინისტრის ხელმძრვანელობით, რომელიც ბიზნესიდან წამოსულ ყველა საჩივარზე მოახდენს რეაგირებას.
გარდა ამისა, განსაკუთრებულ ნოვაციას წარმოადგენს ე.წ სადაგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტის შემოღება, რაც ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის შეფასებით “ფანტასტიკურ, რევოლუციურ იდეას” წარმოადგენს და სადაც მეწარმეს ეძლევა შესაძლებლობა ფინანსთა სამინისტროს გვერდის ავლით ან მისი უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ეძებოს სამართალი.
საგადასახადო არბიტრაჟის სამი პირისგან იქნება დაკომპლექტებული: ერთს დანიშნავს ფინანსთა სამინისტრო, მეორეს – თავად მეწარმე, ხოლო ეს ორი აირჩევს მესამე არბიტრს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ხდება ახალი არბიტრაჟის შექმნა და რაც ყველაზე მთავარია, დავების განხილვისათვის წესდება შეზღუდული ვადები (2 თვე), რათა პროცესი დროში არ გაიწელოს.
გარდა ამისა, იქმნება კიდევ ერთი ახალი, საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლის უშუალო ფუნქციაც მეწარმეთა უფლებების დაცვა იქნება .
“ამდენი დამცავი მექანიზმის არსებობის პირობებში და იმის გათვალისიწნებით, რომ გადასახადები მნიშვნელოვნად მცირდება, არა მგონია, რომ ახალ საგადასახადო რეჟიმს რაიმე წინააღმდეგობა შეხვდეს”, აღნიშნა შოთა გვენეტაძემ.
კოდექსის ავტორების თქმით, დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ისიც წარმოადგენს, რომ იგი გაცილებით მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი, ვიდრე მოქმედი კოდექსი. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, რომელთა მთავრობასთან კონსტრუქციული მუშაობის შედეგადაც თავდაპირველად შეთავაზებულ ვერსიასთან შედარებით კოდექსის საბოლოო ვარიანტმა გაცილებით უფრო დახვეწილი სახე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ახალ საგადასახადო კოდექსის პროექტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მხიდან წინააღმდეგობას წააწყდა. ფონდის რეკომენდაციით ახალი საგადასახადო რეჟიმის შემოღება ეტაპობრივად, 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, რასაც საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე არ ეთანხმება.
ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვა თითქმის ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ უკვე სექტემბრიდან გადამწყვეტ ფაზაში შევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მოუწოდა პარლამენტს, რაც შეიძლება ოპერატიულად განიხილოს საგადასახადო კოდექსის კანონპროექტი, რათა უკვე ოქტომბრისათვის მის მიღებას დაბრკოლებები არ შეექმნას.
თუმცა ამ მოწოდების მიუხედავად მთავრობას დოკუმენტი პარლამენტში ჯერ კიდევ არ შეუტანია. სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანო საგადასახადო კოდექსის განხილვას სექტემბრის პირველ ნახევარში დაიწყებს.