19 აგვისტოს გვიან ღამით, ქართულმა მხარემ იმავე დღეს, სამსაათიანი ბრძოლის შედეგად დაკავებული სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეები შერეულ – ქართულ–რუსულ–ოსურ – სამშვიდობო ძალებს გადასცა.
იმავე დღეს, თბილისის მტკიცებით, ქართულმა მხარემ დაიწყო ზედმეტი შეიარაღებული ნაწილების კონფლიქტის ზონიდან გამოყვანა. ბრძანება ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასცა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქართულ მხარეს სურს კიდევ ერთი, მაგრამ როგორც მან თქვა, „ბოლო შანსი მისცეს მშვიდობას.“
კონფლიქტის ზონაში მხოლოდ ის 500 ქართველი ჯარისკაცი დარჩება, რომელიც შერეული სამშვიდობო ძალების კონტიგენტში შედიან.
„კონფლიქტის ზონიდან გამოყვანილი შეიარაღებული ძალები გორში განლაგდებიან. თუ ერთი ჭურვიც კი დაეცემა ქართულ სოფელს ეს ჯარები ცხინვალში აღმოჩნდებიან“ – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 19 აგვისტოს.
რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის მეთაური ნაბდზოროვი მიესალმა ქართული მხარის გადაწყვეტილებას სტრატეგიული სიმაღლეების სამშვიდობოებისთვის გადაცემის შესახებ. „ეს პრეზიდენტ სააკაშვილის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო“ – განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს 19 აგვისტოს.
თუმცა ოსურ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ წინა ღამეებისგან განსხვავებით, გასულმა ღამემ კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანად ჩაიარა.