ორდღიან სროლებს სამი ქართველის სიცოცხლე შეეწირა
უკვე მეორე დღეა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დიდი ლიახვის ხეობაში სროლები გრძელდება. 12 აგვისტოს დიდი ლიახვის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლები, რის შედეგადაც გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია სამი ქართველი. სროლები ძირითადად ოსების მიერ კონტროლირებად სოფელ სარაბუკიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისმოდა, რასაც საპასუხო სროლები მოჰყვა ქართული მხარის მხრიდანაც.
ის, რომ სროლების შედეგად სამი ქართველი დაიღუპა უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ დაადასტურა, თუმცა არ სახელდება თუ უშუალოდ ვინ იყვნენ აღნიშნული პიროვნებები. სროლების შედეგად დაშავებულები არ არიან მშვიდობიან მოსახლეობაში.
სროლების შედეგად, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარღის გარდა გამოყენებული იქნა ჭურვები და საბრძოლო ტექნიკა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სოფელ თამარაშენში კი ნასროლი ჭურვის შედეგად დაზინადა სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები. 11 აგვისტოს დაწყებული სროლების შედეგად დაიჭრა სოფელ თამარაშენის მკვიდრი ინა ჩიბიროვა. ძირითადი იერიში მიტანილ იქნა სამ ქართულ სოფელზე ქურთაზე, აჩაბეთსა და თამარაშენზე.
ქართული მხარე ცეცხლის გახსნაში ოსურ მხარეს ადანაშაულებს. „ჩვენ ამ ეტაპზე არანაირად არ გვაწყობს ვითარების დაძაბვა და კონფლიქტის ძალის გამოყენებით მოგვარება“ – განაცხადა დღეს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავამ.
თავის მხრივ პირველად ცეცხლის გახსნაში კონფლიქტის ზონაში სამხერთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ადანაშაულებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ირინა გაგლოევა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ სატელეფონო საუბრის დროს აცხადებს, რომ ცეცხლის გახსნა ქართული მხარის მხრიდან მოხდა.
გაგლოევას თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. „თუ 30 წუთში არ მოხდება სროლების შეწყვეტა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მიიღებს ზომებს ქართული სოფლების იმ შეიარაღებული პირებისგან გაწმენდის, რომლებიც ამჟამად კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან“ – განაცხადა გაგლოევამ.
მისი თქმით, აქამდე ოსურ მხარეს მძიმე ტექნიკა არ გამოუყენებია საპასუხო შეტევის დროს. იგი არ გამორიცხავს ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სროლები.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავება საქარველოს თავდაცვის და სახელმწიფო მინისტრების გიორგი ბარამიძის და გოგა ხაინდრავას მოსკოვში ვიზიტის (9 -11 აგვისტო) ფონზე მოხდა, მაშინ როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან იმ დამატებითი შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე, რომელთა შეყვანა ბოლო პერიოდში ვითარების დაძაბვის შემდეგ მოხდა.
„ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ რუსებთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ამით ოს სეპარატისტებს სურს საქართველოს ჩათრევა კონფლიქტში და ვითარების გამწვავება. ჩვენ იძულებული ვართ გავხსნათ საპასუხო ცეცხლი, როცა საფრთხე ემუქრება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
თუ რა კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიეს გიორგი ბარამიძემ და გოგა ხაინდრავამ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების მოგვარების საკითხებში მოსკოვში სამდღიანი ვიზიტის და თავდაცვის მინისტრთან, რუსეთის სათათბიროს და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს არ ხმაურდება, გარდა, იმ საკითხისა, რომელიც დამატებითი ძალების გამოყვანას და მხოლოდ სამშვიდობო ძალების დატოვებას ეხება.
„კონფლიქტის ზონაში ვითარების დარეგულირების საუკეთესო საშუალება იქ მყოფი სამშვიდობო კონტინგენტია, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას. კონფლიქტის მოგვარება შერეული საკონტროლო კომისიის ძალისხმევით უნდა მოხდეს“ – ასეთია რუსული მხარის პოზიცია.
ამ განცხადების სანაცვლოდ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოებს ოს სეპარატისტებთან კავშირში ადანაშაუელბს უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა. მისი ინფორმაციით, 11 აგვისტოს ოსების მიერ ქართველ სამშვიდობოებზე და ქართულ სოფლებზე მოწყობილ პროვოკაციაში რუსი სამშვიდობოებიც იღებდნენ მონაწილეობას.
„ისინი [რუსი სამშვიდობოები] ინფორმაციას აწვდიდნენ ოსურ მხარეს ქართველი სამშვიდობოების ადგისალყოფელისა და მათი გადაადგილების შესახებ“, – განაცხადა 11 აგვისტოს გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე.
„საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს კონფლიქტი და საჭირო არ იქნება არც სამშვიდობოები და არც შერეული კომისია“, – განაცხადა მოსკოვში თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გამწვავებულ ვითარებასთან დაკავშირებით მთელი ღამის და დღის განმავლობაში ძალოვანი მინისტრების საგანგებო თათბირები იმართება ცალკე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშილთან და ცალკე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან.
თათბირის შემდგომ სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა კონფლიქტის ზონაში გამგზავრებას და ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს. იგი არ გამორიცხავს კონფლიქტის ზონაში პრემიერ-მინისტრის ჩასვლასაც.
ცალკე შეხვედრებს მართავს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება დღეს ბურჯანაძემ თბილისში მყოფ თურქეთის პრემიერ მინისტრს რეჯებ თაეპ ერდოგანსაც გააცნო, რომელმაც თავის მხრივ საქართველოს ამ საკითხის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა და დასძინა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის რომ ვითარების დაძაბვას ოსური მხარე ცდილობს ასახავს მათ სურვილს განახლდეს საომარი მოქმედებები, რასაც ქართული მხარე არ დაუშვებს.
პარლამენტის თავმჯდომარე მთავარ ამოცანად კონფლიქტის მოგვარებისთვის, მიუხედავად იმისა რომ ქართულ მხარეს საკმარისი ძალა გააჩნია, მშვიდობიან გზას და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას მიიჩნევს.
„ჩვენ გვაქვს საკამრისი ძალა, თუმცა ასევე გაგვაჩნია დიდი პასუხიხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი. საჭიროა ინფორმირებული იყვნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიცაა ეუთო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და გაერო, რომ იგეგმება სერიოზული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ.