ქართული მხარე რუს სამშვიდობოებს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ჯგუფებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს ოსური მხარისთვის დახმარების აღმოჩენაში  ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ოსების მიერ ქართველ სამშვიდობოებზე და ქართულ სოფლებზე მოწყობილ პროვოკაციაში რუსი სამშვიდობოებიც იღებდნენ მონაწილეობას.


„ოსური სოფლების მხრიდან ქართულ სოფელ თამარაშენზე განხორციელებული სროლების დროს რუსი სამშვიდობოები ოსებს უჭერდნენ მხარს. ისინი ინფორმაციას აწვდიდნენ ოსებს ქართველი სამშვიდობოების ადგილსამყოფელის და მათი გადაადგილების შესახებ. პირველად მოხდა რუსი სამშვიდობოების კონფლიქტში ჩართვა“, – განაცხადა გიგი უგულავამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე.


11 აგვისტოს გამთენიისას სროლების ხმა ისმოდა კონფლიქტის ზონაში, ძირითადად იერიში სოფელ თამარაშენზე იქნა მიტანილი. გიგი უგულავას ინფორმაციით, სროლების შედეგად მსუბუქად დაიჭრა თამარაშენის მკვიდრი ინა ჩიბიროვა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. 

Exit mobile version