21 დამოუკიდებელი პირი ციხეებში პატიმართა მდგომარეობას გააკონტროლებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების თანახმად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცის წარმომადგენლებისგან შემდგარ 21-კაციან ჯგუფს ყოველგვარი საშვის გარეშე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნებისმიერ დროს შეეძლება შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა.


„პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ამ ჯგუფს ნებისმიერ დროს შეეძლება ციხეებში შესვლა და იქ პატიმრების მდგომარეობის გაცნობა. ეს ბრძანებულება ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევისწავლოდ რამდენად არის დაცული ადამიანის უფლებები საპყრობილეებში. მუშაობას უკვე შევუდექით“ – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციის“  ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა.


მისი თქმით, ყოველ სამ თვეში ჯგუფი ციხეში არსებული ვითარების შესახებ მოხსენებას იუსტიციის მინისტრს გიორგი პაპუაშვილს, ხოლო ექვს თვეში პრეზიდენტ სააკაშვილს წარუდგენს.


ჯგუფში შედიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, გაეროს ასოციაციის, თავისუფლების ინსტიტუტის, სამოქალაქო ცენტრ „ალტერნატივას“,  „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და ასევე საზოგადოების წარმომადგენლები.



 

Exit mobile version