რუსეთი მზად არის საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ობიექტები ქართულ მხარეს გადასცეს. ამის შესახებ დღეს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ [რუსული მხარე] უმოკლეს დროში მზად ვართ გადავცეთ საქართველოს ის სამხედრო ობიექტები, რომლებიც ჩვენს ბალანსზე ირიცხება. ესენია სამხედრო ობიექტები თბილისში, ახალქალაქში და ქობულეთში. ჩვენ ეს ობიექტები არ გვჭირდება“, – განაცხადა სერგეი ივანოვმა.
მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. „რუსეთი მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს რუსეთის სამხედრო ბაზებზე ქართველი სამხედროების მომზადებაში“, – აღნიშნა ივანოვმა.
გიორგი ბარამიძე სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 9 აგვისტოს ჩავიდა. განსახილველ საკითხბს შორის ასევე არის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხებიც. ქართული დელეგაცია თბილისში 11 აგვისტოს დაბრუნდება.