საქართვველოში ეუთო-ს მისიის სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობა 4-დან 6 ოფიცრამდე გაიზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 6 აგვისტოს ვენაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივმოქმედი საბჭოს სპეციალურ სხდომაზე იქნა მიღებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებას. საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეუთო-ს რეალურად ძალუძს განმუხტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბული ვითარება და კვლავაც წარმატებით შეასრულოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტის როლი.
“საქართველო დიდი იმედით ელის ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციათა ელჩების ვიზიტს საქართველოში, რომელიც დაგეგმილია 5-9 სექტემბერს. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი პოლიტიკური დონის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონფერენციაზე ქართული მხარე გეგმავს საკუთარი წინადადებები წარადგინოს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტებისა და რეგიონის დემილიტარიზაციის შესახებ.
საქართველოში ეუთოს მისიის დამკვირვებელთა კონტინგენტის გაზრდის საკითხი საგარეო სამქეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს ვენაში, ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე დააყენა. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ბულგარეთის, (როგორც მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის), ისე აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.