რუსეთის სათათბირომ ანტიქართული განცხადება ერთხმად მიიღო

დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ “კავკასიაში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით” სპეციალური განცხადება ერთხმად 425 ხმით მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ “ყოფილი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების კავკასიურ კონფლიქტად გადაქცევა მიზანდასახულად მიმდინარეობს”. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”.


განცხადებაში, რომელიც საქართველოსადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, ნათქვამია, “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების მიმართ მუქარის ფონზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, წარმოიქმნება გარემოებები, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტს”.


განცხადებაში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც აფხაზეთის ნაპირებთან გამოჩენილი გემებისათვის ცეცხლის გახსნას და მათ ჩაძირვას ეხება და ასევე რუსულ დელეგაციაზე, რომელსაც რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კოკოშინი ხელმძღვანელობდა, “ქართველი “ბოევიკების” თავდასხმაზე, რომელიც სანქცირებული იყო ოფიციალური თბილისის მიერ”.


ამასთან, რუსეთის სათათბირო კვლავაც გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების მიმართვების განხილვას, რომელიც თვითგამორკვევაზე მათი უფლების აღიარებას ეხება.


ამავდროულად რუსი დეპუტატები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის პრეზიდენტის დასაყრდენ ძალას წარმოადგენს სათათბიროში, მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას მიიღონ ადექვატური ზომები სიტუაციის ნორმალიზაციისათვის, კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. 

Exit mobile version