სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ლოკალური სროლები გრძელდება

1 აგვისტოს ღამეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაფიქსირებული მორიგი სროლების შედეგად საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მხარის ექვსი წარმომადგენელი იქნა მოკლული და ორი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.


“ორი ქართველი მსუბუქად დაიჭრა. ჩვენი ინფორმაციით, სულ ცოტა ექვსი ოსი გარდაიცვალა. ჩვენ მას შემდეგ გავხსენით ცეცხლი, რაც სამხრეთ ოსეთის მხარე თავს დაგვესხა. ჩვენ მომავალშიც გავხსნით ცეცხლს და ადექვატური ნაბიჯებით ვუპასუხებთ ყველა თავდასხმას“, განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს.


თუმცა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 1 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ოსი ეროვნების ექვსი ადამიანის დაღუპვის შესახებ.
 
“ჩვენი [ოსური] მხრიდან არ არიან არც მოკლულები და არც დაჭრილები“, ნათქვამია სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ 1 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
 
ამ ინციდენტს წინ უძღოდა 31 ივლისს გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა,სადაც ქართულ მხარეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა წარმოადგენდნენ. სხდომაზე ცხინვალის მახლობლად ერთობლივი საგუშაგოს გახსნაზე შეთანხმდნენ.


მოლაპარაკებების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმდა ერთობლივი საგუშაგოს გახსნა ცხინვალის მახლობლად, რეგიონში ბოლო დროს გახშირებული სროლების თავიდან ასაცილებლად.


“ამჟამად ცხინვალსა და თამარაშენს შორის განლაგებული საგუშაგო სამხრეთ ოსურ მხარეს აქვს დაკავებული. შევთანხმდით, რომ მათ რუსი და ქართველი სამშვიდობოებიც შეუერთდებიან, რათა ერთობლივად მოხდეს სიტუაციის გაკონტროლება“,  განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში ლოკალურმა შეიარაღებულმა შეტაკებებმა სულ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. სროლების პროვოცირებაში როგორც ქართული, ისე სამხრეთ ოსური მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.


რუსულ გაზეთ “იზვესტია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ დროა თბილისისა და ცხინვალის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართონ. ივანოვმა გამორიცხა “დიდი ომის“ დაწყების საშიშროება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგი უნდა გაიმართოს, რათა თავიდან იქნას აცილებული მძიმე შედეგები.


ამასთან, 2 აგვისტოს რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ.


საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა, თუმცა მოგვიანებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ბეჟუაშვილმა არ დააკონკრეტა ზუსტი დრო, თუ როდის შედგება ჟვანია-კოკოითის შეხვედრა.


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა “იზვესტიასთან” ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი გააგზავნის თავის ჯარებს კონფლიქტის ზონაში “მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის ფარგლებში“.


კითხვაზე, თუ როგორ უყურებს იგი რუსეთთან ე.წ სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხს, ივანოვმა განაცხადა, “თეორიულად, შეუძლებელია რაიმე გამორიცხო, მაგრამ ამჟამად ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შეიძლება ამის განხორციელება რუსეთისა და საქართველოს კანონმდებლობების გათვალისწინებით. ჩვენი ამოცანაა  განვიხილოთ არა ჰიპოთეზური გეგმები, არამედ მოვაგვაროთ პრაქტიკული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ნორმალური, მშვიდი ცხოვრების აღდგენას“.   


ამავე კითხვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი პასუხობს, რომ “ერს [სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას] აქვს უფლება საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს, თუმცა არსებობს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი საერთაშორისო სამართალში, რომელსაც რუსეთი ზედმიწევნით იცავს. თუმცა, მეორეს მხრივ იმის თქმა ცალსახად შეიძლება, რომ  რუსეთი ვერ დარჩება გულგრილი, როცა საქმე სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას შეეხება”.  


რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი ქართულ მხარეს კვლავ ადანაშაულებს 2 ივნისს და 15 ივლისს შერეული საკონტროლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში. კერძოდ, ქართული საგუშაგოების არ გაუქმებასთან დაკავშირებით.


“არსებული სიტუაციის განსამუხტად, რომელიც აშკარად სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის ტენდენციით გამოირჩევა, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმებების შესრულებისაკენ გადადგას ნაბიჯები”, აცხადებს ვალერი ლოშჩინინი.

Exit mobile version