ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა შეშფოთებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ევროკავშირის მიერ 9 ივლისს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ხავიერ სოლანას და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მჭიდრო კონტაქტები აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ინფორმირებულნი არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
8 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, სოლანამ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიკი ტალვიტიეს თბილისში გამომგზავრება და ხელისუფლებასთან შეხვედრა სთხოვა.
ხავიერ სოლანა ხაზგასმით აღნიშნავს იმ მნიშვნელობის შესახებ, რასაც ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ანიჭებს, ნათქვამია პრეს-რელიზში.