სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საქართველოს ხელისუფლებას რეგიონში კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს და მათ “კრიმინალებს” უწოდებს.
“დადასტურდა ჩემი შეხედულება საქართველოს ხელისუფლების შესახებ, რომ ისინი ხელისუფლებაში გაყალბების და ტყუილის გზით მოვიდნენ. ასეთ ხელისუფლებასთან საუბარი გაჭირდება“, განაცხადა ედუარდ კოკოითმა 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. ედუარდ კოკოითი ოსური მხარის მიერ 8 ივლისს მძევლად აყვანილი ქართველი სამშვიდობოების გათავისუფლებას მის კეთილ ნებად აფასებს, თუმცა არაფერს ამბობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ დაატყვევეს ქართველი მშვიდობისმყოფელები.