რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მიღებული შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
“თბილისი სხვადასხვა პროვოკაციულ მეთოდებს იყენებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით. სამშვიდობო განცხადებების უკან კონფლიქტის ძალისმიერ მეთოდით მოგვარების მცდელობა შეინიშნება. გარდა ამისა, ქართული მხარე მიმართავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობის ჩაშლისკენაა მიმართული“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსული მხარე აცხადებს, რომ იგი დაიცავს ე.წ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების ინტერესებს და უსაფრთხოებას.
“ერთადერთი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არის პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტა და მოლაპარაკებების განახლება“, ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მხარე მოუწოდებს მხარეებს განაახლონ მოლაპარაკებები შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში და მზად არის ხელი შეუწყოს სიტუაციის ნორმალიზებას კონფლიქტის ზონაში.